უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხდა.
“ღიმილით ვუყურებდი ამ სიუჟეტებს, რომლებიც ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ თავიდან სურათი წარმოაჩინეს, რომ რაღაც სასწაული მოხდა, ნატო-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა.
რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?! ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ასევე მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო.
ითქვა, რომ სანამ ქვეყანა რის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. რატომ? იმიტომ, რომ თქვეს, რომ ჩვენ მე-3 მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ვერ შევა ნატო და მთელი მსოფლიო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე - 40 მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი, უზარმაზარ, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზეა საუბარი, მის გამო ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენ თავზე, ეს მაგალითი არის ჩვენთვისაც გაკვეთილი. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა მივყვეთ თანმიმდევრულად ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად გახდეს, დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატო-ს და საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.