ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და უბრალოდ სამარცხვინოა, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
„ვინაიდან საკითხი არის ძალიან პოლიტიზებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მიმდინარეობს, არა მხოლოდ შიგნით ქვეყნის, არამედ გარეთ უფრო, მე მაინც კომენტარს გავაკეთებდი ამ საკითხზეც. ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, მაშინ ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამის თაობაზე და იუსტიციის მინისტრმა გააკეთა შეთავაზება, საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან. ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდით ქმედით ნაბიჯებს, რომ სურვილოსამებრ, რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ჩამოეყვანათ ექიმები. ძალიან ბევრი სპეკულაცია გაიმართა ამ საკითხზე და როგორც იქნა ბოლოს, პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილის ოჯახთან ერთად ექიმები. ჩვენ, მას შემდეგ, რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა. ჩვენ ვიყავით ერთგულნი ამ ჩვენი შეთავაზების და დაპირების. ეს ერთგვარი ჟესტი გავუკეთეთ, მათ შორის ჩვენს პოლონელ მეგობრებს, კოლეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„ამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ, ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია. როგორც ჩანს, ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან. მე აღარ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, რომ მითუმეტეს ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს არავისთვის.
ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია. როცა თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. ეს მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, ეს საკითხი არის პოლიტიზებული. ალბათ აქ რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა, მათ ჰქონოდათ. ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან.
ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადობა და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჩვენგან, ამის შემდეგ ვფიქრობ, ცოტა ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მანამდეც მოგეხსენებათ, რომ ექსპერტებმაც შეამოწმეს და ანალიზებიც ჩატარდა. ჩვენ ასევე გერმანიაში ჩავატარეთ დამატებით კვლევები. დადასტურდა, რომ არავითარი მოწამვლის ფაქტი არ მომხდარა. ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს. მე ვფირქობ, ეს არის ახალი სპექტაკლის დადგიმის მორიგი მცდელობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.