პოლონელი ექიმი რომ ცდილობდა გარკვეული მასალის გამოტანას, ვითომ ანალიზების ჩასატარებლად, მოწმობს, რომ მათი სტუმრობა ემსახურებოდა არა მიშას ჯანმრთელობის საკითხით დაინტერესებას, არამედ იმას, რომ შექმნილიყო რაიმე ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილმა კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
სეფაშვილის თქმით, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობაზე ეს საკითხი არ იმოქმედებს.
„ფაქტი, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა გარკვეული მასალის გამოტანას, ვითომ ანალიზების ჩასატარებლად, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პოლონელი ექიმების სტუმრობა მიშას ჯანმრთელობის გამოსარკვევად, ემსახურებოდა არა მიშას ჯანმრთელობის საკითხით დაინტერესებას, არამედ იმას, რომ შექმნილიყო რაიმე ხელოვნური აჟიოტაჟი და დაძაბულობა. ვითომ, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობას ემუქრება რაიმე საფრთხე. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა და ჩრდილს აყენებს პირველ რიგში თვითონ იმ ექიმს და მთელ იმ საზოგადოებას, რომელიც სპეკულირებს მიშას ჯანმრთელობით.
საქართველო-პოლონეთის ურთიერთობაზე ეს საკითხი არ იმოქმედებს, თუმცა ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ცდილობენ თუნდაც პოლონეთში გარკვეული ძალები საქართველოში საშინაო არეულობის შემოტანას, რაც საბოლოო ჯამში, აზიანებს ქვეყნის შიდა პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას“, – აღნიშნა სეფაშვილმა.