„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას.
ჩხაიძის თქმით, სააკაშვილმა გააუმჯობესა კვებაც.
„მისთვის სასურველ საკვებს რაოდენობრივად უფრო მეტს იღებს, თუმცა კვების კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენ მიერ შეთავაზებული მენიუ სრულად მაინც არ სრულდება. შეიძლება, ადამიანი მაშინ უფრო უარესად გრძნობდა თავს, ახლა შეიძლება, უკეთესად გრძნობს თავს და ალბათ ამიტომ გააუმჯობესა კვების რაციონი. პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, თუნდაც მისი ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე. შეიძლება, სუბიექტურად უკეთესად გრძნობდეს თავს, თუმცა ლაბორატორიულ ანალიზებში მაინც არის ცვლილებები, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას. ჩვენ დიდად არ ვამახვილებთ ყურადღებას მის წონაში მატებასთან დაკავშირებით, თუმცა, როცა მოხდა გადამოწმება, დიახ, აღინიშნება წონაში მატება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ქართველი ექიმების მკურნალობის ტაქტიკას. მისივე თქმით, პოლონელი ექიმების პრეროგატივაა, როდის დადებენ დასკვნას.
„მათი პრეროგატივაა, როდის დადებენ ამ დასკვნას, როგორ მოიქცევიან, მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ შევხვდით მათ, როცა ჩვენთან კლინიკაში ჰქონდათ ვიზიტი, ერთად გავიარეთ ავადმყოფობის ისტორია, ნახეს დანიშნულება, კვლევები, შედეგები. მათთვის ეს აბსოლუტურად მისაღები იყო, მისაღები იყო ჩვენი მკურნალობის ტაქტიკა. ამავე დროს, სამკურნალო პროცესში რამე დამატებითი მედიკამენტის ჩართულობა არ ჩათვალეს საჭიროდ. არ ყოფილა არანაირი შენიშვნა, მათ სრულად გაიზიარეს ჩვენი პროტოკოლი დაავადების მართვის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.