ოდიოზური ევროპარლამენტარები რასაც აკეთებენ, არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა
კობახიძე 44 ევროდეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებაა.
„ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ოდიოზური ევროპარლამენტარები რასაც აკეთებენ, არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა. ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის მიზანია პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა,ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანი არის საპირისპირო, ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა, არამედ მშვიდობა გვინდა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.