ოპოზიციაში ვეღარ ვითვლით იმდენი გადაჯგუფება მომხდარა და ხდება. ვინ ვის გამოუერთდა და ვინ ვის შეუერთა, მე პირადად უკვე ამერია სათვალავი. ოღონდ ამას რიტორიკულად და ნიშნის მოგებით არ ვამბობ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„თუ დღეს ჩამიტარებთ გამოცდას და მკითხავთ, პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერები რომელ პარტიაში არიან, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვეღარც გიპასუხოთ. ეს მორიგი გადაჯგუფება, რომ თითქოს ვაშაძე რაღაცას შეცვლის, რომელსაც თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, სხვას როგორ უნდა მიხედოს და მითუმეტეს როგორი გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის. მგონი ვერაფერს შეცვლის. სტაბილური ვითარება რომ არ არის ოპოზიციაში, რომ არ არის თანმიმდევრულობა, რომ არ არის არავითარი სიახლე, ეს პირდაპირ აისახება მათ რეიტინგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, არც თუ ისე საიმედო პერსპექტივებზე მომავალი წლის არჩევნებში. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, ვინაიდან სახელმწიფოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის სჭირდება ქმედითუნარიანი, ძლიერი, რეალურ ოპონირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც იმავდროულად და უპირველეს ყოვლისა უყვარს თავისი სამშობლო.
ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპირო პროცესს. დდაქსაქსული, გაუაზრებელი პოლიტიკის მქონე ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია არა მთავრობის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. გამოუშვეს კიევიდან ჩვენი ელჩი და ტაშის გრიალი აქვთ, უხარიათ ბოროტად. უკრაინამ წინ უნდა წაიწიოს და ჩვენ უკან უნდა ვიყოთ მაჩანჩალებად და ეს თუ ასეა გაუხარდებათ. ამ დროს, როდესაც ეს ასე არ არის მაინც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ასეა და მრავალი ის ბოროტება, რომელიც ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ მათ ახარებთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერანაირ გადაჯგუფებას ვერანაირი პერსპექტივა, ჩემი აზრით ვერ ექნება“, - თქვა წულუკიანმა.