ლოგიკურია, რომ ადამიანს, რომელიც ნატო-ს ადანაშაულებს, პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმაში, ნატო-ს სამიტზე არ დაპატიჟებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო უფრო შორს არის ნატო-სგან, ვიდრე 15 წლის წინ იყო.
„გასაგები, ლოგიკური და მოსალოდნელია, რომ ადამიანს რომელიც ნატო-ს ადანაშაულებს იმაში, რომ პუტინი თავს დაესხა უკრაინას, არ დაპატიჟებენ ნატოს სამიტზე. ეს ყველას გვესმის, მხოლოდ ბოლო პერიოდის განცხადება, რომ შევაფასოთ. მთელი ამ ათი წლის განმავლობაში, ეს ადამიანები პოლიტიკურად არ მიისწრაფვიან ნატო-ს კარებთან, ახლოსაც კი არ მიდიან. შევარდნაძის დროსაც კი იყო ამის სურვილი და ამ პრემიერ-მინისტრს ვინ მიიწვევდა ნატო-ს სამიტზე. აქედან გამომდინარე, საქართველო არის უფრო შორს ნატო-სგან, ვიდრე ვიყავით 15 წლის წინ, ხოლო უკრაინა, რომელიც 15 წლის წინ ჩვენზე გაცილებით უკან იყო ნებისმიერი პარამეტრით (ინსტიტუციური რეფორმები, ჯარის კოორდინაცია) მიშა სააკაშვილმა თავისი დრაივით, ქარიზმით, წონით, ჩვენზე ათჯერ დიდ ქვეყანას მოკიდა ხელი და შეყავდა ნატო-ში, მაგრამ მერე დაიწყო ის ეპოქა, რომელიც დაიწყო. რუსული ეპოქა, ქოციანობის 11- წლიანი რეჟიმი და შესაბამისად ნატო-მ ჩვენ პოლიტიკურ და საგარეო დღის წესრიგში გადაიწია გაცილებით უკან, ვიდრე ის ოდესმე იყო. დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო და სიღრმისეული დისკუსია. მიშა სააკაშვილის კონდიციასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციაზე, იმის თაობაზე რომ თუ 12-პუნქტიანი გეგმა არ განხორციელდა და პოლიტპატიმრები დარჩნენ (მთავარი პოლიტპატიმარი მიშა) ციხეში, მაშინ გადაწყვეტილება დეკემბერში ვერ იქნება დადებითი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე როდესაც ჩვენ გვაქვს დისკუსია, დებატები, ე.წ თაუნჰოლ კონფერენციები და ჩვენი საპენსიო რეფორმის გაცნობა და ამ დროს "ოცნების" ხელქვეითები პირდაპირი მნიშვნელობით ქვებს ისვრიან. ეს არის ოცნების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ-პოლიტიკური პროცესისადმი და პენსიონერებისადმი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, რეფორმაზე, პენსიების გაზრდაზე და ამ დროს მოდის კობახიძის ორგანიზებული დაჯგუფება და ისვრის ქვებს ამ მშვიდობიანი პრეზენტაციის მისამართით. მიიღო ინფორმაცია ამაზე ბატონმა ელჩმა და დარწმუნებული ვარ რომ იქნება შესაბამისი რეაგირება,“ -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.