ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საინიციატივო ჯგუფის მიერ პედოფილიის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში არასრულწლოვნებზე ძალადობის, პედოფილიის, სექსუალური შევიწროვებისა და შშმ მოზარდთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს.
მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 47, ხოლო წინა წლის მონაცემებით 580-მდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მსგავსი დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს ან დასრულდა გამოძიება.
„როგორც ჩანს, არსებული კანონმდებლობა არ აღსრულდება ან ვერ მუშაობს კარგად, სწორედ ამიტომ იყო ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, შეიქმნას საჯარო რეესტრი და გამოყენებულ იქნას ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოში არსებობს მსგავსი დანაშაულის ჩამდენი ადამიანების დასასჯელად და შემდგომში მათ შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.
ახლა ამ საკითხთან მიმართებაში კიდევ უფრო გაფართოებულია ყურადღება, საკმაოდ კომპეტენტური ხალხისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა პარლამენტს შესაბამისი მოთხოვნით, რომ დაიწყოს სწრაფი და ეფექტური მუშაობა ამ საკითხის მოსაგვარებლად“ - თქვა გიგი წერეთელმა.