საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პოლონელი ექიმების ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მადლობას უხდის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის. მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხი ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის.
„ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ (უცხოელი ექიმები). რაღაც რეკომენდაციები გასცეს, ალბათ შემდეგ წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მორავიეცკის, პოლონეთს, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. ევროპის 27 ქვეყანა მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემი შვილის სტატიები. ფაქტობრივად, ნომერ პირველი თემა გახდა ევროპისთვის. უკრაინა ძალიან აქტიურობს, მიუხედავად თავისი მძიმე პრობლემებისა. არც ერთი წუთი არ ივიწყებენ მიხეილ საკაშვილს. ძალიან გამამხნევებელი იყო ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
„დღეს სისხლის გადასხმას უპირებენ, ჯანმრთელობა ვერ არის ფორმაში. გუშინ ბატონმა ურთქმელიძემ გააკეთა განცხადება, კარგად გამოიყურებაო. ბატონი ურთქმელიძე ქალბატონი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ჩემს შვილს ეს კომპლიმენტადაც მიეღო და ამ ვითარებაში, რა ვიცი, რა გითხრათ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მომატებული წონა, შესაძლოა, ბევრი სითხის მიღებით იყოს ნაჩვენები.
„წონაში მატება იმაზეა, ვთქვათ, აწონამდე ბევრი სითხე თუ ჰქონდა დალეული, ყველაფერს ხომ აქვს მნიშვნელობა. მე რასაც ვუყურებ, იმავე მდგომარეობაშია, საკმაოდ სუსტად“, – განაცხადა გიული ალასანიამ.