მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„საქართველოს ხელშია, განახორციელოს საჭირო რეფორმები, რაც გადამწყვეტია. ეს არის იგივე რეფორმები, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად. ეს არ შეცვლილა და ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, მხარს უჭერს საქართველოს ამ რეფორმების გატარების მცდელობაში. ჩვენ, უბრალოდ, გვჭირდება, დავინახოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია.
მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან არის ის, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დარჩიაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა საქართველოს წარდგენით. ეს სამიტი ამ საკითხზე არ იყო ორიენტირებული. ცხადია, რუსეთის ომი უკრაინაში სამიტის მთავარი თემა იყო. ვილნიუსის სამიტი იყო მოკავშირეთა მიერ კიდევ ერთხელ განახლებული ერთობა, ხელახალი ვალდებულება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სუვერენული ერების უფლების მხარდაჭერის, აირჩიონ საკუთარი ალიანსები, საკუთარი წევრობა.
ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც ცდილობს რუსეთი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია. ყველა სუვერენულ ერს უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია, გახდეს ნატო-ს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს, როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს რეფორმებს, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა დეგნანმა.