მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მეუფე შიოს შესაძლოა მოწამვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, როგორც მეუფე შიოს, ასევე პატრიარქის მოწამვლის საქმეები "ხელოვნურია".
"ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. პირველი კომენტარი მე ჯერ კიდევ გერმანიაში გავაკეთე, იქვე და მე ვთქვი, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქზე ხელი აღმართოს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.