მშვენივრად არის მიშა, წონაში იმატებს. როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ ციხეში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.
მან „ვივამედში“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება, ციხეში გადაიყვანენ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად მისულ პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით.
„არ მოუთხოვიათ შეხვედრა და მეც არაფერი ვიცი. სურვილი თუ ექნებათ, რატომაც არა? ვიცოდი, რომ დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ. „ვივამედის“ ექიმებთან, რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია. ჩემს პირად საქმეზე ვარ მოსული, მიშათი არ იწყება ცხოვრება. მშვენივრად არის მიშა, დაწყნარდით. გაცილებით უკეთესად არის და წონაში იმატებს. როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ ციხეში. უკეთ არ იყო, რომ ნახეთ სასამართლოში? არ იყო უკეთესად? ფაქტია, კაცმა მოიმატა. როცა ჭამს და საკვებს იღებს ნორმალურად, იმატებს. თუ არ შეჭამს, იქნება ცუდად. კარგად რომ იყოს, წავიყვანდით, რეკომენდაცია უნდა გასცეს კლინიკამ. რადგან კლინიკაში არის, ე.ი. რაღაც საჭიროება არის. მზად ვარ, პოლონელ ექიმებს შევხვდე, თუ სურვილი ექნებათ. რატომ არიან აქ, რა მისიით, ვერ გავიგე“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.