მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა ნატო-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას.მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-სთან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბაიდენს, რადგან ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება იყო გამოწვევა აშშ-ისა და კონგრესისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას მხარი დაუჭირეს. მსურს, ამას განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ, სამართლიანობის პერსპექტივიდან. რუსეთი მუდმივად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი კლავენ ჩვენს ხალხს. იყენებენ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას. ჩვენ კი ვამბობთ, რომ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოვიყენებთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. სხვაგან ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული. აუცილებელია სამართლიანობა. ნამდვილად არ არის სამართლიანი, რომ ოკუპანტს დაკავებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კლავს ჩვენს ხალხს. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი? ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს და არ ვიყენებთ იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. რაც შეეხება სხვა შეიარაღებას, ჩვენ გვესაჭიროება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება და ამ საკითხს წამოვწევ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. {საზოგადოებრივი მაუწყებელი}