„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობს, წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს და შემდეგ შეიძლება უკვე ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„საჯარო გამოწვევა ვნახე. როგორც ჩანს, ეს არის უკვე ცისკარიშვილი-მელიას დუელი. როგორც ჩანს, კონსულტაციები მიმდინარეობს სეკუნდანტებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, საერთო ენას მაინც გამოძებნიან და მშვიდობიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ და სადაც გადააყენეს. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას უკვე მოკლებულია. ეს არის პარტია, რომელიც დაშლის გზაზეა და პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობს. წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია. ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს და შემდეგ შეიძლება, უკვე ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება. არჩევნებზე ჩვენს საზოგადოებას ექნება კარგი შესაძლებლობა, ეს არასერიოზული პოლიტიკური პარტია აუტსაიდერებში გადაიყვანოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ნიკა მელია, თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“.
ნიკა მელია გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომელშიც აღნიშნა: „არასდროს გამიკრიტიკებია „ნაციონალური მოძრაობა“, კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია“.