საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. მისივე თქმით, საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა მალე ჩატარდება.
“ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა, ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აყენებდნენ საქმის კურსში. მისი განმარტებით, ანალიზის პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება, სავარაუდოდ, გერმანიაში ახალი ანალიზების გაგზავნა.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული მეტალების შემცველობა დოზაზე გადაჭარბებული იყო.
„არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი, სწორად მოვიქცევი თუ არა, რომ დავასახელო. გადაჭარბებული იყო რამდენჯერმე“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძე კითხვის პასუხად აცხადებს, რომ მოწამვლაზე ეჭვი ძალაში რჩება.
„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ.