საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მცდელობის მიუხედავად, საპოლიციო ძალებმა ვერ შეძლეს იმ ადამიანთა შეკავება, რომლებიც 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ. დარახველიძის თქმით, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ღონისძიების გასაპროტესტებლად მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა შეიკრიბა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა, რადგან არსებობდა რისკი, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის მძიმე მოვლენები. 2021 წლოდან მოყოლებული ვმუშაობთ „პრაიდთან“. იცით, რომ 2021 წელს სამი გამოძიება ჩატარდა 1, 3 და 6 ივლისს ჩატარებულ ღონისძიებებზე. გასულ წელს სამი ღონისძიება ჩატარდა. წელს ორი ღინისძიება ჩატარდა 2 და 6 ივლისს. რაც შეეხება 8 ივლისის ღონისძიებას, იყო ობიექტური მოცემულობა, რაც ყველამ კარგად ვნახეთ, მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა ამ პროცესის გასაპროტესტებლად. ჩვენ, პოლიციელები იქ ვიყავით და ვცდილობდით, ეს ადამიანები შეგვეკავებინა, მაგრამ აქციაზე მოსულთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გარდა ამისა, ტერიტორიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, იქ მინდორი და გაშლილი ტერიტორიაა, ამ შემთხვევაში საპოლიციო ძალებმა ვერ შეძლეს, შეეკავებინათ ადამიანების ეს მასა. მოგვიწია იმ ადამიანების ევაკუაცია, ვინც იყვნენ შეკრებილი „ოფენეარის“ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ არსებობდა, რადგან იყო რისკი, რომ ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შექმნოდა საფრთხე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძის განმარტებით, 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით 3 000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული შესაბამისი აღჭურვილობით.
„ყველა ის დანაყოფი, ვინც ზოგადად მონაწილეობს, იქ იყო, უამრავი დეპარტამენტის წარმომადგენელი, 3 000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული შესაბამისი აღჭურვილობით, თუმცა სულ სხვა არის აქციის მართვა ქალაქის ტიპის პირობებში და სულ სხვაა გაშლილ მინდორზე. ამიტომ ნუ შემეკამათებით იმ ტაქტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ადგილზე ვახორციელებდით“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.