როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც. ანუ სტატუს კვო შენარჩუნდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„როგორც გუშინ არ იცოდა არავინ, კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც. ანუ სტატუს კვო შენარჩუნდა. არსებითად ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამის მიღმა გუშინ არავითარი კონკრეტიკა არ ითქვა, რაც გასაგებიც არის. დოკუმენტში პირდაპირ აისახა დამოკიდებულება, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატო-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებით დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ნატო-ს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, შენარჩუნებულია სტატუს კვო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ოპოზიციონერთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ეს არის რეგრესი, კობახიძემ აღნიშნა:
„ეს უბრალოდ ტყუილია, ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ბუქარესტის სამიტზე რაც იყო, დაახლოებით იგივე სტატუს კვო არის შენარჩუნებული და იგივე ეხება უკრაინასაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სტატუს კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს და არც უკრაინას. შესაბამისად, წინსვლაზე ჩვენ არ გვაქვს საუბარი.
საინტერესოა, რომ მაკფოლმა თუ არ ვცდები, ერთ-ერთ რადიოს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ერთადერთი, გასარკვევი დარჩა – როგორ და როდის. ეს არის დამოკიდებულება, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რეალურად, დამოკიდებულება ასეთია – დარჩა სტატუს კვო და სტატუს კვოს არსი არის ის, რომ დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, რაც გასაგებია იმ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ნატო-ს რუსეთთან მიმართებით აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.