ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით რვა მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.
რვა მილიონი ევრო თავდაცვის სფეროს განვითარების ფონდში გადაირიცხება და უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვის გასაძლიერებლად და კიბერთავდასხმებისადმი მედეგობის გასაძლიერებლად დაიხარჯება.
როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შიდა საქმეებში, ამიტომ არსებულ არასტაბილურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან.
„მხოლოდ ერთად ყოფნით შეგვიძლია, გავცეთ რუსეთის აგრესიის შეკავების ძლიერი და სანდო გარანტია“, – განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.