ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია აღნიშნული.
“ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი, რომელიც მან საქართველოში მისი თანხმობის გარეშე განათავსა.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის დაწესებით, საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები;
შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
ჩვენ ვრჩებით ერთგულნი სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის პროცესის განუყოფელი ნაწილი; ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა დეტალს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს.
მივესალმებით ნატო-საქართველოს გაფართოებული არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, აგრეთვე ახალი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის ინიციატივებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“, – აღნიშნულია კომუნიკეში.