„პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე თავდაცვის კოდექსს, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ დავუჭერ“,- განაცხადა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, თავდაცვის კოდექსს პირველი მოსმენით მან რიგი მიზეზის გამო დაუჭირა მხარი.
„საქართველოს გარშემო „დუღს“ მთელი რეგიონი და თითქმის მთელი სამყარო. უამრავი მეზობელი ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ჩვენ გარშემო არის სერიოზული და ანგარიშგასაწევი სამხედრო მანქანები, რომელთან დაპირისპირებაც ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული არმიით, რომლის რაოდენობაც ძალიან მცირეა. შესაბამისად, ჩვენი ზომის ქვეყანა ისევე, როგორც ფინეთი ან ისრაელი, მზად უნდა იყოს და მოსახლეობის დიდ ნაწილს გავლილი ჰქონდეს სამხედრო წვრთნა/მომზადება და იყოს სხვადასხვა სახის რეზერვში, ვინაიდან თავდასხმის შემთხვევაში სულ რამდენიმე საათი უნდა დასჭირდეს ქვეყანას, რომ იარაღით დააყენოს ყველა. ამ იდეას ვემხრობი და ასეთი შინაარსი აქვს თავდაცვის კოდექსს და მას დღევანდელ დღემდე მხარს ვუჭერდი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემა იმაზე უფრო ადრე უნდა ამოქმედდეს, ვიდრე კოდექსშია მითითებული.
„ახალი კოდექსის მიხედვით, კარგი გაწვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ წელიწადნახევრის შემდეგ მაშინ, როდესაც საფრთხეები დღესაც გვაქვს ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.