ის ფაქტი, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და არა პრეზიდენტი ან პრემიერი, ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაზე, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ფორმულას ეთერში განაცხადა.
„უკრაინას არ სჭირდება MAP-ი. ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. უფრო მეტს მოითხოვენ ისინი - რაღაც თავისებურ გზას წევრობისთვის; ეს ჯერ არ მომხდარა, თუმცა უკვე დიდი პროგრესია, თუ შევადარებთ საქართველოს. საქართველოსთვის ყოველთვის კარი ღიაა, მაგრამ მეტი არაფერი, არც MAP-ი და არც სხვა რამ, საქართველოს არ ერგება, უკრაინა მიიღებს დაპირებას რომ ერთ დღეს გაწევრიანდება. მაგრამ საქართველო რჩება იმ ადგილზე, სადაც ბუქარესტის სამიტის მერე იყო... მრავალი წლის განმავლობაში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო ასწრებდა უკრაინას. საქართველო იყო ლიდერი, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც MAP-ს ითხოვდა დაჟინებით.
უკრაინაში ომის დასაწყისში, უკრაინა და საქართველო ერთად მიდიოდნენ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა - რატომ? იმიტომ, რომ არ ჩანს რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, არ ჩანს რომ სურვილი აქვს პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს უკრაინას. ამიტომაც დაშორდნენ უკრაინას და ეს დაშორება კიდევ უფრო გაძლიერდა... ზელენსკი ჩამოდის ამ სამიტზე. უკრაინას ეყოლება საკუთარი საბჭო ნატო-ში... ის ფაქტი რომ სამიტზე საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და პრეზიდენტი ან პრემიერი აქ არ იმყოფებიან, ძალიან ნეგატიურად აისახება თქვენ ურთიერთობაზე ნატო-სთან“, - განაცხადა იოზვიაკმა.
ხვალ,11 ივლისს, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი იწყება,მოსალოდნელია, რომ 11-12 ივლისს მთავარი საკითხი უკრაინა იქნება. დღეს, უკრაინსი საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღების შესახებ. ალიანსის ლიდერები უკრაინის გარდა იმსჯელებენ დღის წესრიგში მდგომ სხვა თემებზეც.