არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ აღქმას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს პრიორიტეტებს და ეს პრიორიტეტებია, რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა.
„რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა და დასკვნითი ღონისძიება იყო. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზატორებთან შეთანხმებული გეგმა ჰქონდა, ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, კონკრეტული პირების ჯანმრთელობის დაზიანების რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მეც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არიან გარკვეული ჯგუფები თუ აქტორები, რომელთა განცხადებებიც ისეთ აღქმას ტოვებს, რომ ეს ღონისძიება ნებისმიერ ფასად უნდა ჩატარებულიყო, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად. არ ვიცი, ამ ჯგუფებს და აქტორებს, ვის განცხადებებსაც ვისმენდით, რა პრიორიტეტები აქვთ, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა პრიორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსახავს და ეს პრიორიტეტებია, რომ უპირველესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.