უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არათუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია – გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ კონსულტაციებისთვის ელჩის თბილისში გამოგზავნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წელიწადნახევრიანი კამპანია, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, იყო აბსოლუტურ ტყუილზე აწყობილი. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. ნებისმიერი სტატიის ფასი ვიცით. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ამგვარი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული ეს კამპანია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.
რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვინც მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს, ეს განცხადებაც ამას ემსახურება. უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არათუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია – გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი. ხალხი, რომელთაც უკრაინელი ხალხის მეგობარი ხალხის წამების სისტემა შექმნეს და ამ სისტემის შემქნელები დღეს უკრაინის ხელისუფლებას შეფარებული ჰყავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.