საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად მზადაა და ახლა ალიანსმა უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი.
„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება. ნატო-ს ექსპერტები ყველა ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ დიახ, საქართველოს საჯარისო შენაერთები მზად არიან ნატოსთვის და ნატო-ს სტანდარტებისთვის. დანარჩენი, როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას.
საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ ძალას გამონახავენ, მიიღონ საქართველო, რომელმაც გამოიარა უამრავი რამ, რათა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო და ამისთვის სისხლი დაღვარა, მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე დაეცნენ. თუარადა ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო ყოველთვის ეცდება, თავისი ინტერესები დაიცვას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.