ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„აშკარა პრორუსული დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის აგრესიის ფონზე – კეთდება ანტიუკრაინული განცხადებები, მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა და საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის.
„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აწყობილია პარტიულ ინტერესებზე, ასევე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებაზე. ახლა გაახსენდათ, თურმე პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. რომელი საქვეყნო ინტერესები დააყენეს კლანურ ინტერესებზე მაღლა? ოლიგარქიული მმართველობა შეუმჩნეველი არავის რჩება. საქართველოს არ მართავს „ქართული ოცნება“, მართავს არაფორმალური მმართველი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესები აღქმული იყოს, როგორც პროგრესის შემქმნელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.