სამწუხაროა, რომ ვილნიუსში საქართველო მაღალი რანგით არ არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ამას თავისი მიზეზები აქვს. საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირის არჩეულ გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ნატო-ს კონტექსტში უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადება. ე.ი. ნატო ყოფილა ომის მთავარი საფუძველი. რუსეთი უკრაინას ნატო-ს გამო კი არ დაესხა თავს, ნატო-ში რომ არ არის, მაგიტომ. უკრაინას 2022 წელს დაესხა თავს, საქართველოს – 2008 წელს. სწორედ იმიტომ გვინდა ნატო, რომ საქართველო ისე იყოს დაცული, როგორცაა მილიონნახევრიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი საზღვარზე ჩიტს ვერ აუფრენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.