უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი ამბოხი მოხდეს. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ამას მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ აჯანყებას მხარს დაუჭერენ... პუტინს არ ჰყავს სამხედრო ძალები რუსეთის შიგნით და მისი სამოქალაქო საზოგადოება დაცული არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ვილნიუსში მომავალ ნატო-ს სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამენ, რომ ქვეყნის მომავალი ნატო-შია.
„უკრაინა იქნება ნატო-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა, რეალურად ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90 პროცენტს სურს, იყოს ნატო-ს ნაწილი. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შევიტანთ საჭირო ცვლილებებს ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, რათა საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.