უკრაინელი მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვას ხელმძღვანელობდნენ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან“, – წერს ზელენსკი.
„აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.