ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მასშტაბური, ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა. საქართველოშია დღეს სხვა რეალობა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე მაგალითად საფრანგეთი, სადაც დაპირისპირებები ამ ნიადაგზე ხდება, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, უნგრეთი იქნება ეს ჩეხეთი, თუ სხვა. ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და რასაკვირველია, ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს . თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, საერთოდ იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს ქვეყანას, ეს არის რწმენა, დამოკიდებულება, რასაკვირველია, უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით. ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.