დახურულ შენობაში მყოფ ლგბტქ ადამიანებსაც კი თავს ესხმიან და ფიზიკური განადგურების რისკის ქვეშ ექცევიან, პოლიციას კი წყლის ჭავლის გამოყენების სურვილი რატომღაც არ გააჩნია, რომ მორიგ ტრაგედიას ავცდეთ, - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო დროს ძალიან ცოტა დროს ვუთმობ ფბ-ს და ესეც კი საკმარისზე მეტია - თითო გადათვალიერება დღეში მინიმუმ სამ საშინელებას შეიცავს: 9 წლის ბავშვი წიხლებით სცემა მამინაცვლის ძმამ, მერე სახლში წაიყვანა და იქ მთელმა ოჯახმა გააგრძელა ბავშვის წამება.. 16 წლის მოზარდი ზღვაში დაახრჩო ვიღაც ცხოველმა. ოთხი მოზარდის დახრჩობა უნდოდა, მაგრამ სამმა რაღაცნაირად გამოცურა. მეორე წელია ლგბტქ ადამიანები თავიანთი შეკრების მოსაწყობად არანაირ ქუჩაში მსვლელობას არ აწყობენ, არამედ დახურულ სივრცეში ქირაობენ ფართს. მეორე წელია დახურულ შენობაში მყოფ ადამიანებსაც კი თავს ესხმიან და ფიზიკური განადგურების რისკის ქვეშ ექცევიან, პოლიციას კი წყლის ჭავლი, ან მისი გამოყენების სურვილი რატომღაც არ გააჩნია, რომ მორიგ ტრაგედიას ავცდეთ.
რა გითხრათ აბა?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ძალადობრივი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მიიჭრნენ, სადაც პრაიდფესტივალი უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც ღონისძიების ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს. მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა.