დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პრევენციული ზომების გატარება „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო განცხადებებმა და პოლიციის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ შედეგად მოიტანა უკონტროლო ძალადობა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პრევენციული ზომების გატარება „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები 2023 წლის 8 ივლისს „პრაიდი კვირეულის“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩაშლას აანონსებენ. „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერმა ზურა მახარაძემ 7 ივლისს, გადაცემა „რეალპოლიტიკა“-ში აქციის სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელა: 1) პრაიდ-ფესტივალის ჩაშლა; 2) 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ პირთა განთავისუფლება; და 3) კანონპროექტის მიღება „გარყვნილების პროპაგანდის“ წინააღმდეგ. რადიკალური ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით თანხის შეგროვებაც დაიწყეს, თუმცა ზურა მახარაძის განცხადებით, „თი-ბი-სი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ მათი ანგარიშები დაბლოკა.
ივლისის დასაწყისში უკვე თვალსაჩინო იყო ულტრამემარჯვენე ლიდერების ძალადობრივი და ჰომოფობიური რიტორიკის გააქტიურება. მათი ლიდერების უმრავლესობამ ძალადობის შემცველი მოწოდებებიც გაავრცელა. „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ ვიდეო მიმართვაში პრაიდის კვირეული „გარყვნილების პროპაგანდად და პათოლოგიად“ მოიხსენია და მხარდამჭერებს მისი აღკვეთისკენ მოუწოდა. 2021 წლის 5 ივლისის სცენარის გამეორებით დაიმუქრა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი შოთა მარტინენკო: „რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეგხვდეს, იქამდე უნდა მივიდეთ და აღვკვეთოთ ეს საქონლობა. თუ მაინც შეეცდებიან ჩატარებას, 5 ივლისი მონაგონი იქნება ისეთ დღეს ჩავატარებთ.“ კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით კი, „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“.
„პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა: „ქართველმა ხალხმა, არა ერთხელ და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით დაამტკიცა, რომ არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ე.წ. პრაიდის ჩატარებას და ეს პოზიცია არ გადაიხედება!“ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ და პრაიდის ფესტივალის ჩაშლისკენ მოუწოდა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის „ქართული მისიის“ ლიდერმა რამაზ გაგნიძემაც და ფეისბუქ პოსტში აღნიშნა: „ნაღდ კაცებს და ნაღდ ქალბატონებს ყველას გელოდებით 8-ში 12 საათზე ვაჟას ძეგლთან, რათა ლისის ტბაზე ჩავშალოთ ლგბტ პარადი!“
საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას დეზინფორმაციის გავრცელებით შეეცადა ალექსანდრე ფალავანდიშვილიც. მისი განცხადებით, თბილისში „გეი აღლუმი“ დაანონსდა. მან 2021 წლის 5 ივლისთან პარალელის გავლების ფონზე მოუწოდა მხარდამჭერებს, ჩაშალონ ღონისძიება წელსაც - „5 ივლისის გარდამტეხი დღიდან 2 წელი გავიდა, ერთიანობა ისევ აუცილებელია. 8 ივლისს, 12:00 საათზე, ვიკრიბებით ვაჟას ძეგლთან გეი ფესტივალის აღსაკვეთად“.
2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის პრაქტიკის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
შეწყვიტოს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა
უზრუნველყოს რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
გაატაროს გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
უზრუნველყოს დაუყოვნებელი რეაგირება პოტენციური ძალადობის ნებისმიერ ფაქტზე, პრაიდის ორგანიზატორების და მონაწილეების წინააღმდეგ
იქონიოს ეფექტური და მუდმივი კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ორგანიზატორებთან პოტენციური ძალადობის აღსაკვეთად”, - ნათქვამია განცხადებაში.