უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ პარტია “დროას” აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე, ჯიმ ობრაიანის განცხადებასთან დაკავშრებით აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთს ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან მუშაობს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოსაყენებელი ყველა მექანიზმის და გზის გამოსავლენად და აღსაკვეთად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯიმ ობრაიანის წინა განცხადებიდს შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 38%-ით, სომხეთთან - 197%-ით, ხოლო ყაზახეთთან - რამდენიმე ათასი პროცენტით. საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლება ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით ტერორისტ რუსეთს, რომ მოკლას რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ხელისუფლება განზრახ, საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის ეკონომიკას. ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, რეჟიმის უსწრაფესი დემონტაჟი საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან. არა რუსულ რეჟიმს!“ - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ დასავლური ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ექსპორტი მოიცავს მიკროჩიპებსა და ისეთ ელექტროტექნიკას, რომელიც რუსეთს თავისი საომარი აღჭურვილობის წარმოებისთვის ესაჭიროება. რუსეთში მისი ექსპორტი იმის გამო გაიზარდა, რომ იგი უკეთ ახერხებს დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას.
ობრაიენმა თქვა, რომ აშშ-მა გამოავლინა ის 5 ქვეყანა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. ესენია თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.