ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, თუ სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დასამალი არ არის, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას და ევროპელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობები იყო საკმაოდ მშფოთვარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები საკუთარი მოქალაქეებისთვის.
„ალბათ, ყველამ იცით ევროპარლამენტის ორი რეზოლუციის შესახებ მედიის თავისუფლების დარღვევასთან, ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით. საქართველოში აპრილში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა აქვს ევროკავშირში ინტეგრაციას, რასაც მოსახლეობის 89 პროცენტი უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობამ და უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის. შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარაა და არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ღია ეს ფანჯარა. ის შეიძლება, სწრაფად დაიხუროს. ასე რომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ არ ვცილობთ მეურვეობას. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც მეგობრები, როგორც პარტნიორები, როგორც თანასწორები“, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს პოზიცია გზაჯვარედინზეა.
„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობის თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საერთო ღირებულებებს, ვალდებულებებს და არ არის მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე დამოკიდებული. ეს პროცესი არ გამორიცხავს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა, რომ არ შევიდნენ პარლამენტში 2019 წელს, არ შეუერთდნენ მედიაციას. მათი მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და კონსტრუქციული მონაწილეობა 12 პრიორიტეტის შესრულებაში კვლავ არსებითია. საქართველოს ამ ორგანოში ბევრი მეგობარი ჰყავს, პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. ევროპარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში, ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განხორციელებაში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.