ნატოს გაფართოება არ არის გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის? ეს ცოდვა ჩამოვაწერეთ? პრემიერს ხომ არ უთქვამს ერთადერთიო, თქვა, ერთ-ერთი ფაქტორიო. როგორც კარგმა პოლიტიკოსმა საუკეთესო დიპლომატიური გზით, ზუსტად ისე თქვა, როგორც უნდა ეთქვა და მიუხედავად ამისა, სამი დღე ატრიალეს ფეიკ ნარატივი ამ ფრაზის ანტიდასავლურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სიმართლე ისაა, რომ დიახ, აღიზიანებს რუსეთს და იბრძვის უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, იბრძვის ტერიტორიებისთვის, იბრძვის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ და თუ ერთ-ერთს იტყვი ცალკე, თურმე ეს ანტიდასავლური ყოფილა და რუსული პროპაგანდაა. ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო ლუსტრაციისთვის, თუ რას ეძახიან ისინი ანტიდასავლურს, ცდილობენ ჩვენი რიტორიკა ანტიდასავლურად წარმოადგინონ და რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს და ვსაუბრობთ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმეს უნდა ამას დაარქვას რუსული, ეს არის მთავარი მავნებლობა. ამ ქვეყანაში მთავარი მავნებლობაა ის, რომ ჩვენი ოპოზიციისთვის საერთოდ აღარ არის საჭირო არგუმენტი თქვან, აღარ ფიქრობენ, აღარ ძაბავენ ტვინს, რომ ოპონენტობა გაგიწიონ, უნდა თქვან მხოლოდ - სიტყვა რუსული. ეს ნიშნავს იმას, რომ არუსებენ საქართველოს, ცდილობენ, რომ ამ ხელისუფლებას რუსული ნარატივები დააბრალონ. მერე რამდენი ათწლეული შეიძლება დასჭირდეს ევროპელი, მეგობარი ქვეყნების მოსახლეობაში გამჯდარი ამ ფეიკნარატივის გამოსწორებას, ამას არავინ ფიქრობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.