ნებისმიერი ცენტრი, პარტია, რომელიც მოახერხებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ის ხმების წამოღებას, იქნება წარმატებისა და გამარჯვების ფორმულა, მათ შორის ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ოპოზიციის გამარჯვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა არის იმ 60 პროცენტის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება, დარწმუნება, დაჯერება და არჩევნებზე ოპოზიციურ ფლანგზე ხმების დაფიქსირება. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რომელთა ძირითადი მოტივაცია არის მიხეილ სააკაშვილი და ხმას აძლევენ მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამიტომ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების ამ რაოდენობას. კონკრეტული პარტიების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისვლა დამატებით ხმებს ვერ მოუტანს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც ამ კონკრეტულ პარტიებს, რადგან ეს კიდევ უფრო დააკლებს ხმებს. ჩემი წარმოდგენით, ნებისმიერი ცენტრი, პარტია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მოახერხებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-ის ხმების წამოღებას, ეს ნამდვილად წარმატებისა და გამარჯვების ფორმულა იქნება, მათ შორის ოპოზიციისთვის. მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის, იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსიფიკაციის წინააღმდეგ არიან, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან ყოფილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.