თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ერდოღანმა ზელენსკის შესთავაზა კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად შეიქმნას კომისია უკრაინის, რუსეთის, გაეროს ექსპერტებისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ მიმართულებით და შესთავაზა მოლაპარაკების გამართვა „მარცვლეულის გარიგების“ მსგავსი მოდელით.
„ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელი იქნება ყოველდღიური ჰუმანიტარული ზარალის თავიდან არიდება, ვიდრე კონფლიქტი გრძელდება, ამიტომ მოლაპარაკებებთან დაბრუნების იდეამ უნდა გაიმარჯვოს. ერდოღანმა განაცხადა, რომ მტკიცედ გააგრძელებს ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის აღსადგენად“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებაში.
ერდოღანი ასევე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.