ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებასა და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, მთელი მსოფლიო უმკაცრესად გმობს იმას, რაც მოხდა და სრულიად ნათელია, რომ ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ომში ჩადენილ ამ და სხვა ქმედებებს გენოციდისა და ეკოციდის კვალიფიკაცია აქვს.
„ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას, როცა ის არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების ფაზაში და რეალურად ისაზღვრება ქვეყნის დასავლური მომავალი, უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი პოზიცია, თუმცა ჩვენ გვესმის ისეთი განცხადებები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თანხვედრაშია რუსეთის პროპაგანდასთან.
მათი განცხადებები, რომ უკრაინა ნადგურდება, ეს ყველაფერი ახლავე უნდა დასრულდეს და ორივე მხარე დამნაშავეა, რა თქმა უნდა, არაადეკვატური, არასწორი და ქვეყნისთვის მავნებლურია“ - თქვა გიგი წერეთელმა