7 ივნისს მსოფლიოში სურსათის უვნებლობის დღე აღინიშნება, რომელიც, ხუთი წლის წინ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააარსეს. სურსათის ეროვნული სააგენტო, FAO საქართველო, WHO საქართველო, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდებიან და, პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, მასშტაბურად აღნიშნავენ სურსათის უვნებლობის დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით 12:00-ზე რიყის პარკში და 15:00-ზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება და საჯარო ლექცია სურსათის უვნებლობის შესახებ.
12 საათიდან რიყის პარკში გაიმართება თემატური საინფორმაციო და სახალისო აქტივობები, მათ შორის ბავშვებისთვის, ასევე, მეწარმეების მონაწილეობით - აგრობაზარი. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენელი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელები საქართველოში.
მისამართი: რიყის პარკი, ძველი თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო
7 ივნისს, 15:00-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, სტუ-ში გაიმართება საჯარო ლექცია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. ლექციას გამართავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი პაატა იმნაძე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი მიხეილ სოხაძე. ლექციის ერთი ნაწილი ზოონოზურ და საკვებთან ასოცირებულ ინფექციებს, ხოლო მეორე სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისთვის ცხოველური წარმოშობის საკვების მიკვლევადობისა და "ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის დაცვის მნიშვნელობას დაეთმობა.