ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ის, რაც უკრაინაში ხდება, თუნდაც ბოლო მოვლენა - კაშხლის აფეთქება, მიანიშნებს, თუ რამდენად აგრესიული ის ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, თუმცა სურათის დახატვა, რომ თითქოს უკრაინა ნადგურდება და ამაში რაღაცით უკრაინაა დამნაშავე, ზუსტად თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან.
„რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ომი, ეს ომიც მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და ყველას სურს ეს, ოღონდ არა იმგვარად, როგორც რუსეთი ამბობს. ისინიც აცხადებენ მოლაპარაკებების სურვილს, ოღონდ ამის შედეგად სურთ, რომ დაისაკუთრონ ტერიტორიები და რაღაცნაირად მათ მიერ განხორციელებული ოკუპაციის ლეგალიზაცია მოახდინონ.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკება ვერ შედგება, მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა ის გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს. ამ ტიპის გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან პრაქტიკულად არის ზუსტად იგივე შინაარსის, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს“ - თქვა გიგი წერეთელმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას“.