როგორც ვხედავ, მიხეილ სააკაშვილი შემოდის აქტიურ პოლიტიკაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე“ მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და არიან პარტიის ლიდერები: ქალბატონი ჩარკვიანი, ბატონი გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. მათი ერთობა არ გამოიწვევს დამატებით ხმების მატებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ხმები, რომელიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და, ჩემი აზრით, ეს ორბიტა უნდა იყოს ცალკე. აქეთა მხარეს უნდა იყოს ერთობა იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების, ვისაც არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია გააკეთოს. ამაში ალბათ ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა. როგორც ვხედავ, მიხეილ სააკაშვილი შემოდის აქტიურ პოლიტიკაში. როგორც ვხედავ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ 2024 წელს ისინი მართლაც გააქტიურდნენ და სააკაშვილიც გააქტიურდეს პოლიტიკურად, რათა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს, ხოლო აქეთა ფრთაზე, არ ვიცი, როგორი იქნება გადალაგება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლისთვის კონკრეტულად რამდენიმე არჩევანის მიცემა მნიშვნელოვანია. იმავეს ვსაუბრობდი, როდესაც ვიყავი ამ პარტიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხერხდება მთელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.