ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში და არ მინდა, არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე გავაკეთო კომენტარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა ისაუბროს ყველამ თუ უნდათ, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა.
ღარიბაშვილის თქმით, „ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალები“.
„არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას. შეხედეთ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ რაიმე შინაარსობრივ თემაზე რომ ესაუბროთ, რაიმე თემაზე რომ ესაუბროთ, არაფერზე. ე.ი. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. ეს არის სახე მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.