ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კანცლერს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ყოველთვის ღიად აფიქსირებს.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც რა თქმა უდნა ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან, მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. და მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს,“- განაცხადა პრემიერმა.