საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როტმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინელებისადმი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური საქმით,
„თქვენ ხართ ევროპაში მრავალი ქვეყნისთვის მაგალითი, რადგან უკრაინელ ხალხს სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური პოლიტიკური და ასევე სამხედრო მხარდაჭერა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს გადავცე მკაფიო გზავნილი – ევროკავშირის კარი ღიაა. გასულ წელს, ივნისში იყო ყველა ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი. პირველად ევროკავშირის ისტორიაში ევროკავშირმა გადაწყვიტა, გაუღოს თავისი კარი აღმოსავლეთ ევროპას. ევროკავშირმა გადაწყვიტა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისa და უკრაინისთვის. მე, ზოგადად, მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, თუმცა ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ჩემთვის უკიდურესად შთამბეჭდავია, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ძლიერ უჭერს მხარს ევროკავშირს“, – განაცხადა მიხაელ როტმა.
მისი განცხადებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება უნდა განაგრძოს.
„ევროკავშირმა თბილისს გადასცა 12 რეკომენდაცია. ვფიქრობ, ახლა არის გადამწყვეტი დრო ამ 12 საკითხის შესასრულებლად და ეს არ არის ძალიან რთული. ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირშიც, იყო ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მე ვერ გავიგე, რატომ წარადგინეს თქვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებმა ასეთი კანონპროექტი, ის ძალიან რუსულად გამოიყურება. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი, ეკონომიკური პროექტი, ჩვენ უპირველესად და უმთავრესად ვართ საერთო ღირებულებების კავშირი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ჩემს პატივცემულ კოლეგებს აქ თბილისში, სამოქალაქო საზოგადოება განიხილონ არა მტრებად, ისინი არიან პარტნიორები და მოკავშირეები. თუ მათ სურთ ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება, თქვენ გჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის მისი კრიტიკული ნაწილი“, – განაცხადა მიხაელ როტმა.
მიხაელ როტის თქმით, ევროპამ გააღო კარი საქართველოსთვის და ახლა დროა, საქართველომ შეასრულოს დავალებები.
„სწორედ ახლა არის დრო, რომ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი ბრიუსელს – ჩვენ ველოდებით რაღაცას თქვენგანაც, თუმცა ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი სამუშაო. ვფიქრობ, ეს არ არის ძალიან მარტივი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში არის რეალური შანსი უფრო მეტის გაკეთების დეოლიგარქიზაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასთან, სხვა აუცილებელი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. არავის სურს, საქართველოს ასწავლოს, თუმცა ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ხალხის ხმა ისმის საკმაოდ ხშირად და ეს ხმა არის ძალიან მკაფიო, გულწრფელი, ემოციური – გთხოვთ, გააღეთ კარი. ჩვენ უკვე გავაღეთ კარი, ახლა მოქმედების და საშინაო სამუშაო შესრულების დროა ორივე მხრიდან – ბრიუსელის და თბილისის. ტრადიციულად, გერმანიას სურს, შეასრულოს პატიოსანი შუამავლის როლი, ჩვენ ხიდების შენება გვინდა, რომელიც მისაღები და კომფორტულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ასევე მისაღები და კომფორტულია მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – განაცხადა მიხაელ როტმა.