ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული არის ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან უპასუხა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 420 ათას დოლარად ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ი დაიქირავა.
„ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და ვნახეთ ამის შედეგები, რა იყო. ამის შედეგი იყო ნაყიდი სტატიები მედიაში, ნაყიდი რეპორტაჟები მედიაში, ნაყიდი ექსპერტები, ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. დავაკვირდეთ, დღეის შემდეგ ვისგან იქნება განცხადებები დავით კეზერაშვილის მხარდაჭერის და იქვე დავსვათ კითხვა, ამ ნახევარი მილიონიდან რა წილი მოხვდა ამ ყოფილი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლების თუ ა.შ. ჯიბეში. ეს კიდევ ერთხელ, ჩემი აზრით, არის ნათელი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომლის წყალობითაც საქართველოს იმიჯის შელახვა ხორციელდება ქვეყნის გარეთ.
ეს აჩვენებს ერთ რამეს – აღმოჩნდა, რომ ფულით შესაძლებელი არის, იყიდონ უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების თუ ა.შ. განცხადებები. იყიდონ სტატიები, იყიდონ მედიარეპორტაჟები და გააშავონ საქართველოს რეპუტაცია ქვეყნის გარეთ. აი, ეს დასტურდება, ნამდვილად. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, აიღონ სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებები, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული მხარდამჭერი განცხადებები უცხოელების მხრიდან, დადონ გვერდზე ეს ხელშეკრულება და შემდეგ ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.