დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის იზიარებს ლევან ხაბეიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ ქვეყანას კოალიციური მთავრობა სჭირდება.
„სრულად ვიზიარებ ხაბეიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება. ჩვენ არა მარტო უნდა ვაჩვენოთ ჩვენი უპირატესობა, რომ ევროპა, უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი დაკავშირებულია ოპოზიციასთან, არამედ ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ უკვე დროა, ოპოზიციამ მიაღწიოს შეთანხმებას, რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, ვინ არის ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ვინ იქნება პროკურორი. ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომელზეც „ქართული ოცნების“ პიარი მუშაობს, რომ დაბრუნდება ისეთი ხალხი, რომ დაიწყება რევანში, შურისძიება. ქართულ პოლიტიკაში ჩემთვის მთავარი ფაქტორია, სად მიმყავს საქართველო – კადიროვის ჩეჩნეთის გზაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, თუ ევროპის გზაზე. ეს იქნება წყალგამყოფი. „ქართულ ოცნებას“ არ დავუტოვებთ სივრცეს, თან რუსეთში წაიყვანოს ქვეყანა, თან აქ საზოგადოება მოატყუოს, შექმნას შირმა, თითქოს „ქართული ოცნება“ არის ევროპული ძალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.
„არ მჯერა ლეგენდების, რომ იმის უკან ის დგას, ამის უკან ეს დგას. მე ველაპარაკები ლევან ხაბეიშვილს და ვიცი, რომ ის უფლებაუნარიანია, გადაწყვეტილებისუნარიანია. ვინმე თუ აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის გაფორმების გარეშე, მე არ ვიცი ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51 პროცენტს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.