რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად, შებეკინოს რაიონში დაიღუპა ორი ქალი, ორი კაცი კი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ იუწყება BBC.
ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ჭურვის ნამსხვრევები ავტომობილებს მოხვდა.
მისივე თქმით, დაბომბილია ვოლოკონოვსკის და ვალუისკის რაიონები, რის შედეგადაც დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ობიექტები.
ამის პარალელურად, „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ ტელეგრამ-არხში იტყობინება, რომ მისი მებრძოლები ბელგოროდის ოლქში შეჭრას განაგრძობენ.
ლეგიონის წევრების მტკიცებით, რუსეთის ძალები არტილერიიდან უხსნიან ცეცხლს იმ რაიონებს, სადაც აღმოჩენილია პარტიზანი მებრძოლები. „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს „რენოს“ მარკის ავტომობილს, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
დღეს სმოლენსკის ოლქის ხელიუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებს დრონებით თავს დაესხნენ.