მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რადიკალური ოპოზიციისა და უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნების მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ცალკეული უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც თითოეული ქართველისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო, როცა საუბარი იყო მეორე ფრონტსა და საომარი სივრცის საქართველოში გადმოტანაზე. ფაქტია, ამის შესახებ პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებული ვართ. უკრაინაში როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინა რუსული აგრესიისგან იცავს თავს, დისკუსიის სიღრმეებში შესვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. არაერთხელ ვნახეთ, როცა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის შესახებ პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, ასეთივე პირდაპირი მოწოდებები უკრაინის ცალკეული მაღალჩინოსნებისგან მოვისმინეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორებს შეიძლება, ჰქონდეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.