ვნახეთ მანიპულაცია, თითქოს პრემიერის განცხადება ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას ან ნატო-სთვის რაღაცის დაბრალებას. მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება, რომ რუსეთმა უკრაინაში აგრესია იმიტომ განახორციელა, რომ მან ევროპული მომავალი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დავფიქრდეთ, რას ედავებიან საქართველოს? საუბრების დროს ყველაფერი იწურება იმაზე, რომ აღქმები იქმნებაო. სინამდვილეში, ფაქტების, თუ ანალიზის თვალსაზრისით არავის არაფერი უჭირავს. ყველაფერი იმისთვისაა, რომ აღქმები შექმნან. გუშინწინ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადების მანიპულაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას ან ნატო-სთვის რაღაცის დაბრალებას. ზუსტად მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება, რომ რუსეთმა უკრაინაში აგრესია იმიტომ განახორციელა, რომ მან ევროპული მომავალი აირჩია. აქ რაიმე ახალია? ვინ, თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი ევროპული არჩევანის გამო არის ის, რატომაც რუსეთის მხრიდან აგრესიის სამიზნე ვართ ბოლო 30 წელია.
გუშინწინ სავარძელზე წამოწოლილი, უცხოელი ე.წ. ექსპერტები გამოდგნენ და საქართველოს, მის ხალხს, მის ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან, როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები. ამას გვეუბნებიან ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის ოკუპაციიდან. ზეპირად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთი, მისი საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, ვისაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და ბოლო წლებია, აქ ნამყოფიც არ არიან, მათი ინფორმაციაა ერთი-ორი მესიჯი, რომელსაც „ნაცმოძრაობიდან“ იღებენ, სამწუხაროდ, ეს აღქმებს ქმნის, რაც გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა და შემდეგ მიზეზს რომ ვეკითხებოდით, ვერც ხსნიდნენ. როცა იანვარში სამივე ქვეყნის ანალიზი გაკეთდა, ვნახეთ, რომ ამ შეფასებებით ქვეყანას სტატუსი ეკუთვნოდა. ახლა სხვადასხვა დედაქალაქში გვეუბნებიან, შეცდომა იყო, რომ არ მოგვცეს. იმიტომაც არ მოგვცეს, რომ სამწუხაროდ, ასეთი აღქმები შექმნეს და ამის ქვეშ სხვადასხვა ლიდერი მოექცა. ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც შემდეგ ვერც ახსნეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.