ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ევროპელმა პარტნიორებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომლებშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.