თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, უმაღლესი თანამდებობის პირებმა საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მზად ვართ და ვასრულებთ ამ გეგმას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენონ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.